English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ მირიან ტუხაშვილი
დემოგრაფიული ვითარება საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებში

რეზიუმე

სტატიაში შესწავლილია საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონების მოსახლეობის დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებები. გამოვლენილია შექმნილი დეპოპულაციური ვითარების ძირითადი მიზეზები, ბუნებრივი მოძრაობისა და მიგრაციის ტენდენციები. ნაჩვენებია თურქეთში დემოგრაფიული რეჟიმის სწრაფი ტრანსფორმაცია. როგორც თურქეთის, ისე საქართველოს საზღვრისპირა რეგიონები აღარ წარმოადგენს დემოგრაფიულ  დონორებს. აქ უკვე დაწყებულია საზღვრისპირა ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესები, რაც ურთიერთდაკავშირებული შრომითი ბაზრების ფორმირებაშიც გამოიხატა.

საკვანძო სიტყვები: საქართველო, თურქეთი, საზღვრისპირა რეგიონი, დემოგრაფია, მიგრაცია.

შესავალი

სსრკ დაშლის შემდგომ არსებითი ცვლილებები მოხდა საქართველოს დიდ მეზობლებთან სასაზღვრო ურთიერთობებში. დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო, რუსეთის ინიციატივით, საზღვარი საქართველოსთან პრაქტიკულად ჩაიკეტა. სანაცვლოდ, არსებითი გარდაქმნა მოხდა საქართველო -თურქეთის ურთიერთობაში. სამაგალითოდ ჩაკეტილი სსრკ დროინდელი მაიზოლირებელი სასაზღვრო-საკარანტინო ზონა მოიშალა, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი დამყარდა. ჩამოყალიბდა და განმტკიცდა მრავალმხრივი თანამშრომლობა, რადიკალურად გააქტიურდა ეკონომიკური ურთიერთობა[Jandieri G. 2016], შეიქმნა საზღვრისპირა რეგიონების ეკონომიკური აქტივიზაციისა და ინტეგრაციის წინაპირობები. ამას ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტის ყველა სახის - სარკინიგზო, საჰაერო, საავტომობილო, საზღვაო, მილსადენი  უსწრაფესმა განვითარებამ. ისტორიულად მოკლე დროში განხორციელდა ისეთი პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენი (BTC), სამხრეთ კავკასიური გაზსადენი(SCP), ტრანსანატოლიური მილსადენი(TAP) და სხვა[ Energy Sector of Independent Georgia.2016]. გაიყვანეს სამი თანამედროვე საავტომობილო ტრასა, რკინიგზა.. მოწესრიგდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა. დაიწყო საერთაშორისო ტურიზმის აღმავლობა. შეიქმნა პირობები სასაზღვრო რეგიონების ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის, დაბალანსებული შრომის ბაზრების ფორმირების, ფუნქციონირებისა და ეფექტიანი დასაქმებისთვის. ასეთ ვითარებაში დიდი მნიშვნელობა აქვს საზღვრისპირა რეგიონების სწრაფად ცვალებადი დემოგრაფიული ვითარების შესწავლას და რეგიონების განვითარებაზე მისი ზემოქმედების სწორად განსაზღვრას. უნდა აღინიშნოს, რომ, ბოლო ხანს, როგორც თურქეთში, ისე საქართველოში სწრაფად იცვლება დემოგრაფიული ვითარება, რაც მკვეთრად  ვლინდება მოსაზღვრე რეგიონების დემოგრაფიული პარამეტრების ცვლილებებში.

საქართველოს მხრიდან კვლევის არეალად გამოვყავით სსრკ დროინდელი სასაზღვრო-საკარანტინო ზონა, ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთის მხარის მუნიციპალიტეტები (ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამოკლებით) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამოკლებით). ხოლო თურქეთის მხრიდან უშუალოდ მოსაზღვრე ართვინისა და არტაანის პროვინციები, აგრეთვე, მათი მიმდებარე და ეკონომიკურად ინტეგრირებული ყარსისა და ტრაპიზონის პროვინციები. ვფიქრობთ, გარკვეული პირობითობით, ამ არეალში თურქეთ-საქართველოს ეკონომიკური და შრომითი კავშირების გაინტენსიურება ყველაზე მეტადაა შესამჩნევი და მოსალოდნელი საზღვრისპირა ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგიც, პირველ რიგში, აქ გამოვლინდება. უნდა აღინიშნოს, რომ შესასწავლი სივრცე ხასიათდება რთული გეოგრაფიული პირობებით, მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობით, დაწყებული ზღვის დონიდან ვიდრე 4 ათას მეტრამდე სიმაღლის მწვერვალეამდე, ქედებითა და ვრცელი ზეგნებით, კონტრასტული კლიმატით, ხშირი ეკოლოგიური კატასტროფებით, მეურნეობის განვითარების მრავალმხრივობით და მოსახლეობის ეთნიკური სიჭრელით.

განსახილავი რეგიონის დემოგრაფიული პრობლემების თაობაზე არაერთი გამოკვლევაა გამოქვეყნებული(ა.თოთაძე, თ. ფუტკარაძე, ა.ტაკიძე, ვ. ლორთქიფანიძე, რ. გაჩეჩილაძე, პ.გუგუშვილი, ვ. ჯაოშვილი, ა, სულაბერიძე, გ. წულაძე და სხვ) თუმცა, ბოლო ხანს შეცვლილ პირობებს, რეგიონის სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ და დემოგრაფიულ ვითარებას ბევრად მეტი აქტიურობით შესწავლა სჭირდება როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მეცნიერთა მხრივ.

დემოგრაფიული ვითარება საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებში

2017 წლის დასაწყისში თურქეთის მოსახლეობის რიცხოვნობამ 80,2 მილიონს გადააჭარბა[Turkish Statistical Institute Birth Statistics 2015]. 2016 წელს დაფიქსირდა 1325 ათასი დაბადება, 405 ათასი გარდაცვალება[Turkey Population, 2017] და, შესაბამისად, 920 ათასი ბუნებრივი მატება. ქვეყანას უარყოფითი მიგრაციული სალდო აქვს. 2016 წელს მიგრაციით თურქეთს დააკლდა 84 ათასი კაცი.

მოსახლეობის ჯერ კიდევ შემორჩენილ ზრდასთან ერთად სწრაფად მიმდინარეობს აღწარმოების სისტემის ტრანსფორმაცია, მცირეშვილიან ოჯახზე დემოგრაფიული გადასვლის პროცესი.  სხვადასხვა სტატისტიკური წყაროების მიხედვით თურქეთში შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი ამჟამად  არის 2,03-2,08[Turkey Demographics Profile 2016], რაც მარტივ აღწარმოებასაც ვერ უზრუნველყოფს. არსებული ბუნებრივი მატება(10,4 კაცი ყოველ 1000 მცხოვრებზე) აიხსნება  ხანდაზმულთა მცირე წილით და ამის გამო შემორჩენილი მცირე მოკვდაობით(5,6 კაცი ყოველ 1000 მცხოვრებზე). როგორც ყველა სხვა სფეროში, თურქეთის მოსახლეობის დემოგრაფიულ განვითარებაშიც სწრაფად მიმდინარეობს „ევროპიზაციის“ პროცესი.  არაერთი გამოკვლევიდან ჩანს, რომ თურქეთში შობადობის დონეზე  დიდი ზეგავლენა მოახდინა ქალთა განათლების დონის სწრაფმა ზრდამ. გამოვლინდა, რომ განათლების დონის მატების შესაბამისად მკვეთრად კლებულობს ფერტილობის მაჩვენებელი. მაგალითად, უმაღლესი განათლების მქონე ქალებში იგი არ აღემატება 1,66, მაშინ, როცა გაუნათლებელ ქალებში აჭარბებს 3,76, ზოგადი საშუალო განათლების ქალებში-2,45[Ergöçmen B.A.2015]. პირველი ბავშვის გაჩენისას იზრდება დედის საშუალო ასაკი. მიმდინარეობს მოსახლეობის სწრაფი დემოგრაფიული დაბერება, მედიანური ასაკი უკვე 30,5 წელია, მოსალოდნელი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა -74,8 წელი[Turkey Demographics Profile 2016]. პროგნოზით, 2050 წლისათვის თურქეთის მოსახლეობის მედიანური ასაკი 40,2 წელს მიაღწევს.

ბუნებრივია, მოსახლეობის ზრდასთან ერთად მატულობს მოსახლეობის სიმჭიდროვეც. 2017 წელს ერთ კკვადრატულ კილომეტრზე 105 კაცი მოდიოდა. ურბანიზაციის დონე და ტემპი მეტად მაღალია. მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი(73,4%) ქალაქად ცხოვრობს. მათ შორის, სტამბოლში 14,2 მლნ, ანკარაში 4,75 მლნ, იზმირში -3,04 მლნ, ბურსაში -1,923 მლნ და ა.შ. [Turkey Demographics Profile 2016].

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება, რაც თურქეთის დემოგრაფიულ განვითარებას ახასიათებს, ესაა მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებლებში მკვეთრი რეგიონული დიფერენციაცია. მსხვილ რეგიონებს შორის ფერტილობის მაჩვენებელი ვარირებს 1, 83 -3,41-ის ფარგლებში, ხოლო პროვინციებს შორის - 1,53-4,38[Ergöçmen B.A.2015]. დასავლეთ თურქეთის რეგიონში უკვე შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი და მოსახლეობის ევროპული რეპროდუქციული ქცევაა ფორმირებული.

არაერთგვაროვანი დემოგრაფიული ვითარებაა საქართვველოს მოსაზღვრე და მიმდებარე რეგიონებში. შავიზღვისპირა რეგიონებში შობადობის დაბალი დონეა ფიქსირებული, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში - მაღალი, რაც განსაზღვვრავს მეტ ბუნებრივ მატებას. საკვლევ რეგიონში თურქეთის საშუალო მაჩვენებელს მხოლოდ ყარსის პროვინციის შობადობისა და ბუნებრივი მატების მაჩვენებლები აღემატება. დანარჩენ პროვინციებში საშუალოზე დაბალი დონეა ფიქსირებული(ცხრილი 1).

ცხრილი 1. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის მაჩვენებლები საქართველოს მოსაზღვრე და მიმდებარე თურქეთის პროვინციებში(‰) 2015 წ.

პროვინცია

შობადობის ზოგადი კოეფიციენტი

მოკვდაობის ზოგადი კოეფიციენტი

ბუნებრივი მატების კოეფიციენტი

ყარსი

20,6

5,0

15,6

არტაანი

15,4

7,2

8,2

ართვინი

11,8

7,9

3,9

რიზე

12,7

6,6

6,1

ტრაპიზონი

13,5

6,3

5,2

წყარო:Turkish Statistical Institute Birth Statistics 2015. www.turkstat.gov.tr/

    მიუხედავად შესამჩნევი ბუნებრივი მატებისა, ამ პროვინციებიდან ინტენსიური მიგრაციის გამო მოსახლეობის რიცხოვნობა მცირედ, ან საერთოდ აღარ იზრდება(ცხრილი2). მაღალმთიან პროვინციებში - არტაანსა და ყარსში მოსახლეობის რიცხოვნობა განუხრელად მცირდება, ზღვისპირა რიზესა და ტრაპიზონის პროვინციებში მოსახლეობა მატულობს, ხოლო ართვინის პროვინციაში მოსახლეობის რიცხოვნობა სტაბილურია. ამ პროვინციის მთიან ნაწილში შეინიშნება მოსახლეობის კლება, ხოლო ზღვისპირა ზოლში  - მატება.

მიუხედავად შესამჩნევი ბუნებრივი მატებისა, ამ პროვინციებიდან ინტენსიური მიგრაციის გამო მოსახლეობის რიცხოვნობა მცირედ ან საერთოდ აღარ იზრდება(ცხრილი2).

ცხრილი 2. მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა საქართველოს მოსაზღვრე და მიმდებარე თურქეთის პროვინციებში, 2000-2015წწ.(კაცი)

წლები

ყარსი

არტაანი

ართვინი

რიზე

ტრაპიზონი

2000

326292

122409

167909

307133

720620

2005

316723

115750

168164

313722

735072

2010

301766

105454

164759

319637

763714

2015

292660

99265

168370

328979

768417

წყარო:Turkish Statistical Institute. www.turkstat.gov.trTurkey Population. http://www.worldometer.ifo/ world-population/turkey-population/

ამ სტატიაში გამოქვეყნებული მიგრაციის სტატისტიკა წარმოადგენს ამა თუ იმ პროვინციაში დაბადებულთა განაწილებას ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სამწუხაროდ, აქ ვერ ხვდება მიგრანტთა ის კონტინგენტი, რომელიც მხოლოდ პროვინციის ფარგლებში მიგრირდა. აღსანიშნავია, რომ პროვინციის შიგა გადაადგილებებიც ურბანიზაციის მაღალი ტემპის პირობებში საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობს.

ამ ქვეყნის განვითარების მეტად მრავალრიცხოვან თავისებურებათა გამო მიგრაციული პროცესებიც დიდი დიფერენციაციით ხასიათდება.

გამოყენებული სტატისტიკური მასალის ანალიზით კარგად იკვთება თურქეთის დემოგრაფიული დონორი და მიმღები პროვინციები.

ჩვენს მიერ განხილულ საქართველოს მოსაზღვრე და მიმდებარე პროვინციებში მიგრაციული ვითარება ასეთია: ართვინში, არტაანში, ყარსში, რიზესა და ტრაპიზონში დაბადებულთაგან 1800 ათასი კაცი ამჟამად თურქეთის სხვა პროვინციებში ცხოვრობს, ანუ პროვიციათაშორის მიგრირებულია. მათ თავისი სიცოცხლლის მანძილზე ერთხელ მაინც შეიცვალეს საცხოვრებელი პროვინცია. ეს მასა რიცხობრივად აღემატება ამ პროვინციების ამჟამინდელ მოსახლეობას. ამჟამად ართვინის პროვინციას შემორჩა აქ დაბადებულთა მხოლოდ 39,5%, ყარსს - 36,2%, რიზეს - 46%, ტრაპიზონს -53,5%, არტაანს - 40,5%. აქაური მოსახლეობა უმეტესად გადასულია მსხვილ ქალაქებსა და ეკონომიკურად განვითარებულ  დასავლეთ პროვინციებში. მაგალითად, ყარსში დაბადებულთა და შემდგომ აქედან მიგრირებულთა 37,8% ამჟამად სტამბოლში ცხოვრობს, 12,3% - ანკარაში, 8,1%- სტამბოლის მიმდებარე კოჯაელის პროვინციაში, 4,7%- ბურსაში და ა. შ.[TurkStat: Place of Birth Statistics 2015].

ქართველთა დიდი კონცენტრაციის ართვინის პროვინციიდან სტამბოლში მიგრირდა აქ დაბადებულთა 23,9%,  ბურსაში -24,4%, კოჯაელში - 8,1%. დიდია ემიგრაცია არტაანიდანაც, აქედან საცხოვრებლად სხვა პროვინციაში წასულნი 5-ჯერ ჭარბობენ აქ საცხოვრებლად გადმოსულებში [TurkStat: Place of Birth Statistics 2015].

საბოლოოდ, შეგვიძლია დავასაკვნათ, რომ ისევე როგორც მთელ თურქეთში, საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა და მიმდებარე პროვინციების დემოგრაფიულ განვითარებაშიც მიმდინარეობს არსებითი ცვლილებები. ხდება მცირეშვილიან ოჯახზე გადასვლის პროცესი. იგი გადახლართულია ამ პროვინციებიდან მოსახლეობის ინტენსიური ემიგრაციის პროცესთან, რაც მთლიანობაში აღარ იწვევს მოსახლეობის რიცხოვნობის ინტენსიურ მატებას. მაღალმთიან პროვინციებში მოსახლეობის რიცხოვნობის შემცირების და დეპოპულაციის ნიშნები აშკარადაა გამოხატული. შობადობის კლებისა და ახალგაზრდა მოსახლეობის ინტენსიური მიგრაციის გამო მოსახლეობა სწრაფად ბერდება. თურქეთის სტატისტიკის სამსახურის პროგნოზული მონაცემებით, 2023 წელს მოსახლეობის მედიანური ასაკი 42 წელს მიაღწევს, ტრაპიზონის პროვინციაში - 37,4 წელს, არტაანში - 35,4, რიზეში- 37,9 წელს. ჯერჯერობით, მხოლოდ ყარსის პროვინცია შეინარჩუნებს შედარებით ახალგაზრდულ ასაკს(27,5 წელი)[Turkey Population.2017].

სავარაუდოა, რომ საქართველოთურქეთის კომუნიკაციური სისტენების სწრაფი განვითარება გამოიწვევს ეკონომიკის აქტივიზაციას. შექმნის ამ პროვინციებში ეფექტიანი დასაქმების პირობებს. იგი უკვე აშკარად გამოიხატა ზღვისპირა ზოლში. მოსალოდნელია რკინიგზისა და საავტომობილო ტრასების სიახლოვეს დასახლებული პუნქტების ეკონომიკურ განვითარებაზე ზემოქმედება, განსახლების სისტემის პოზიტიური ტრანსფორმაცია, საზღვრისპირა შრომითი მიგრაციების განვითარებაც, რაც, ჯერჯერობით, დაწყებულია ზღვისპირა ზოლში. დაიძლევა საზღვრისპირა მთიანი პროვინციების სოციალურ განვითარებაში დიდი ჩამორჩენა თურქეთის დასავლეთ და ცენტრალურ რეგიონებთან. 

თურქეთის მოსაზღვრე საქართველოს მუნიციპალიტეტების დემოგრაფიული განვითარების ძირითადი ტენდენციები

პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების შეცვლისა და დემოგრაფიული განვითარების კანონზომიერებათა გამო არსებითი გარდაქმნები მოხდა საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონებში, რისი საბოლოო შედეგიც მოსახლეობის რიცხოვნობის მკვეთრი კლებით გამოიხატა(ცხრილი3). კერძოდ, თურქეთ-საქართველოს საზღვრისპირა რეგიონის მოსახლეობის რიცხოვნობა პოსტსაბჭოთა პერიოდში შემცირებულია 106309 კაცით, ანუ, 21,2%-ით, რაშიც გადამწყვეტი როლი რეგიონიდან მოსახლეობის მიგრაციამ ითამაშა. ბათუმის მოსახლეობის ზრდა გამოწვეულია ადმისტრაციული ცვლილებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ტერიტორიის ქ. ბათუმთან მიერთებით. 

ცხრილი3. მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკა თურქეთის მოსაზღვრე საქართველოს მუნიციპალიტეტებში1959-2014წწ.(კაცი)

 

 

 

მუნიციპალიტეტები

1959

1970

1979

1989

2002

2014

2014 წელი 2002 წელთან

%

2014 წელი 1989 წელთან

%

ბათუმი

82326

100603

122292

136900

121806

152839

1,25

1,11

ხელვაჩაური

42735

61905

71600

82243

90843

51189

0,56

0,62

ქედა

17204

19065

19604

20061

20024

16760

0,84

0.83

შუახევი

20324

23196

23635

25386

21850

15044

0,69

0,59

ხულო

28159

34282

38788

39629

33430

23327

0,70

0,59

ადიგენი

19593

20272

19975

21282

20755

16462

0,79

0,77

ახალციხე

50420

51907

50350

54822

46134

38895

0,84

0,71

ასპინძა

11265

12494

12411

13432

13010

10372

0,80

0,77

ახალქალაქი

62977

69992

69455

69108

60975

45070

0,74

0,65

ნინოწმინდა

32064

37267

36632

37895

34305

24491

0,71

0,65

სულ

367067

430983

464742

500758

463135

394449

0,85

0,79

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge

ბოლო 30 წლის მანძილზე მოხდა არსებითი ცვლილებები საზღვრიპირა მუნიციპალიტეტების მოსახლეობის აღწარმოების ინდიკატორებში. ბათუმის გარდა, შობადობის დონე შემცირებულია ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით, აჭარის მთიანეთსა და ჯავახეთში(ცხრილი4).

ცხრილი 4. მოსახლეობის ბუნებრივი მოძრაობის ზოგადი კოეფიციენტები თურქეთთან მოსაზღვრე საქართველოს  მუნიციპალიტეტებში 1985- 2016 წწ.(%) 

 

 

 

მუნიციპალიტეტები

1985

1990

2016

შობადობა

 

მოკვდაობა

 

ბუნებრივი მატება

შობადობა

 

მოკვდაობა

ბუნებრივი მატება

შობადობა

 

მოკვდაობა

ბუნებრივი მატება

ქ. ბათუმი

14,5

8,9

5,6

14,2

7,7

6,5

17,8

10,2

7,6

ხელვაჩაური

26,8

5,9

20,9

21,9

5,9

16,0

17,5

9,6

7,9

ქედა

26,6

7,0

19,6

22,6

8,4

14,2

17,2

10,1

7,1

შუახევი

29,1

8,6

20,5

24,9

7,2

17,7

16,8

11,6

5,2

ხულო

30,4

8,6

21,8

24,8

6,6

18,2

19,8

12,7

7,1

ადიგენი

26,0

9,1

16,9

22,1

8,5

13,6

15,2

14,4

0,8

ახალციხე

21,5

7,8

13,7

17,7

8,0

9,4

13,9

13,2

0,7

ასპინძა

25,2

7,7

17,5

27,7

8,4

19,3

17,2

15,0

2,2

ახალქალაქი

27,5

6,7

20,8

19,4

5,7

14,3

14,1

10,9

3,2

ნინოწმინდა

29,2

7,7

21,5

20,7

5,9

14,8

14,2

11,0

3,2

წყარო: საქართველოს რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სტატისტიკური კრებული. თბილისი, 1991,გვ.6-17. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge

სხვებთან შედარებით ბუნებრივი მატება მაღალია აჭარის მუნიციპალიტეტებში. თუმცა ყველგან აშკარადაა გამოხატული შემცირების ტენდენცია, რაც, სავარაუდოდ, მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების გამო მომავალ წლებშიც  გაგრძელდება.

საზღვრიპირა რეგიონის მოსახლეობა ამჟამად ბიეთნიკური სტრუქტურისაა, 98%-ზე მეტს ქართველები და სომხები წარმოადგენენ. ჯავახეთში აბსოლუტური უმრავლესობა სომხური დიასპორაა, აჭარაში - ქართველი მოსახლეობა, ხოლო სამცხეში ქართველებთან ერთად სომხებიც ცხოვრობენ (21%) (ცხრილი 5). 

ცხრილი 5. თურქეთის საზღვრიპირა საქართველოს მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობა 1989-2014წწ.(%)

 

 

მუნიციპალიტეტები

1989

2014

ქართველი

სომეხი

 

რუსი

დანარჩენი

ქართველი

სომეხი

 

რუსი

დანარჩენი

ქ. ბათუმი

65,9

9,8

15,4

8,9

93,4

3,0

1,9

1,7

ხელვაჩაური

92,2

0,8

4,0

3,0

99,3

0,2

0,2

0,3

ქედა

99,6

0,0

0,2

0,2

99,9

...

...

0,1

შუახევი

94,3

0,4

3,3

2,0

98,1

...

...

1,9

ხულო

99,6

0,0

0,1

0,3

99,0

...

...

1,0

ადიგენი

91,6

5,8

1,4

1,2

97,1

2,3

0,2

0,4

ახალციხე

46,8

42,8

6,2

4,2

68,0

30,9

0,4

0,7

ასპინძა

80,1

19,1

0,3

0,5

86,4

13,3

0,1

0,2

ახალქალაქი

4,3

91,3

2,5

1,9

6,8

92,9

0,1

0,2

ნინოწმინდა

1,2

89,6

8,3

0,9

4,2

95,0

0,8

0,0

სულ

61,7

27,6

6,8

3,9

76,9

21,2

0,9

1,0

            წყარო:    საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. http://www.geostat.ge

კვლევამ აჩვენა, რომ თურქეთ - საქართველოს საზღვრისპირა რეგიონში მიმდინარეობს ინტენსიური დეპოპულაციის პროცესი. ემიგრაციის ხარჯზე მოხდა დიასპორათა დეპოპულაცია. 2014 წლის აღწერით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში 1989 წელს არსებული სომეხი მოსახლეობის რიცხოვნობა ერთი მესამედით შემცირდა, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტში თითქმის განახევრდა. რუსული დიასპორა კი თითქმის გაქრა.

დასკვნა

სსრკ დაშლის შემდგომ არსებითი ცვლლილებები მოხდა საქართველო-თურქეთის საზღვრისპირა და მიმდებარე რეგიონების განვითარებში, უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო კომუნიკაციური სისტემების ამოქმედებამ დიდი პერსპექტივა შეუქმნა საზღვრის ორივე მხარის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებას, ურთიერთდაკავშირებული შრომის ბაზრების ფორმირებას, მოსახლეობის ეფექტიან დასაქმებას. ეს პერიოდი დაემთხვა თურქეთის მოსახლეობის განვითარებაში დემოგრაფიული გადასვლის პერიოდს, რაც მეტნაკლებად შეეხო საქართვეო-თურქეთის საზღვრისპირა რეგიონსაც. შობადობის შემცირებასა და ცალმხრივი ინტენსიური მიგრაციის გამო როგორც საქართველოს, ისე თურქეთის საზღვრიპირა რეგიონის მოსახლეობის რიცხოვნობის დინამიკაში არსებითი ცვლილებები მოხდა. თურქეთის მაღალმთიანი რეგიონების მოსაზღვრე და მიმდებარე პროვინციებში მოსახლეობა კლებულობს, ხოლო ზღვისპირეთში სტაბილიზდება. ამ თვალსაზრისით, თურქეთის მხრიდან ე.წ. „დემოგრაფიული დაწოლა“ მეზობელ სახელმწიფოზე შესუსტებულია. რაც შეეხება საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს, აქ მიმდინარეობს სწრაფი დეპოპულაციის პროცესი. აჭარის მთიანეთი ვეღარ ასრულებს საქართველოს  მოსახლეობაშეთხელებული რეგიონების დონორის ფუნქციას. პოსტსაბჭოთა წლებში დემოგრაფიული ზრდისათვის აუცილებელი რესურსების კატასტროფულმა შეზღუდვამ და ემიგრაციული პროცესების განვითარებამ უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა მოსახლეობის აღწარმოების მაჩვენებლებზე.

როგორც თურქეთის, ისე საქართველოს მხარეს ზღვისპირა ზოლში კვლავაც მიმდინარეობს მოსახლეობის კონცენტრაციის კანონზომიერი პროცესი, აშკარად გამოიკვეთა საზღვრისპირა ეკონომიკური ინტეგრაციის და ურთიერთდაკავშირებული  შრომის ბაზრების ფორმირების ტენდენცია. მოსალოდნელია სამცხე-ჯავახეთისა და მისი მოსაზღვრე რეგიონების ეკონომიკური აქტივიზაცია და შრომითი კავშირების გაინტენსიურებაც. ეს საქართველო-თურქეთის მოსაზღვრე რეგიონების დემოგრაფიული განვითარების სისტემურ ანალიზს, ადეკვატური დემოგრაფიული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას მოითხოვს.

  გამოყენებული ლიტერატურა

  1. აბესაძე რ., 2015. გლობალიზაციის უმუშევრობაზე გავლენის ზოგიერთი ასპექტი. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო შრომების კრებული, 8. თბილისი.
  2. გუგუშვილი პ., 1973. საქართველოს სსრ მოსახლეობის აღწარმოების საკითხები. თბილისი.
  3. თოთაძე ა.,  2012. აჭარის მოსახლეობა. თბილისი. უნივერსალი.
  4. ლორთქიფანიძე ვ., 1998. ისტორიული მესხეთი, დემოგრაფიული განვითარების პრობლემები, თბილისი.
  5. ტაკიძე ა., 2006. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შრომითი რესურსების ფორმირება და გამოყენება. თბილისი.
  6. ფუტკარაძე თ., 2005. აჭარის მოსახლეობის მიგრაცია და ეთნოდემოგრაფიული პრობლემები პოლიეთნიკურ რეგიონებში. ბათუმი.
  7. ფუტკარაძე თ., 2006. აჭარის მოსახლეობის მიგრაციის ისტორიულ-ეთნოგრაფიული პრობლემები. ბათუმი.
  8. შელია მ., 2013. ხანდაზმული მოსახლეობა საქართველოში: სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები.  უნივერსალი, თბილისი.
  9. წულაძე გ. სულაბერიძე ა., 2016. საქართველოს რეგიონების დემოგრაფიული თავისებურებები. თბილისი.
  10. ჯაოშვილი ვ., 1998. საქართველოს მოსახლეობა. თბილისი.
  11. ჯანდიერი გ., 2016. თურქულ ქართული ეკონომიკური ურთიერთობები. საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ფონდი.                                           
  12. Energy Sector of Independent Georgia.2016. Tbilisi.
  13. Ergöçmen B.A.2015. Demographic Picture of Turkey: What lies ahead? Panel Discussion on the Demography of Turkey and other Muslim Countries. Ankara.
  14. Khaduri N. 2010. The Central Caucasus-Reforms and the Road to Europe. The Caucasus and Globalization.
  15. Jandieri G. 2016. Turkish-Georgian Economic Relationship as an Example of Good Will and Successful Cooperation. http://www.4liberty.eu/turkish-georgian-economic-relationship -as-n-example-of-good-will-and-successful-cooperation/
  16. 16.   Population Projection. 2013-2075., 2013.www.turkstat.gov.tr/PreHaberBultenleri.do?id=15844
  17. Silagadze A. (2017). “Post-Soviet Paradoxes” of Unemployment Rate. Bulletin of the Georgian National Academy of Sciences.vol. 11, no. 1.
  18. Shelia,M.(2017). Ageing of Population in a Transitional Society: Case of Georgia.European Journal of Social and Human Sciences, 4(2). URL: http:// ejshs.net/  journals n/ 1507124275.pdf
  19. Turkey Demographics Profile 2016. http://www.indexmundi.com/turkey/demographic_ profil.html
  20. 20.   Turkish Statistical Institute. Birth Statistics 2015. www.turkstat.gov.tr/
  21. Turkey Population.2017. http://www.worldometer.ifo/ world-population/turkey-population/
  22. 22.   TurkStat: Place of Birth Statistics 2015.
  23. Tukhashvili M. 2016. Socio-Economic Revitalization Problems in the Turkish-Georgian Border Region.European Journal of Economics and Management Science#4.p. 38-44
  24. Исмаилов Е. Папава В.2006. Центральный Кавказ: от геополитики к геоэкономике. Стокгольм.
  25. Тухашвили М. 2016. Основные факторы сокращения численности  населения и трудовых ресурсов  Аджарской Автономной Республики. J.«Science Time».№ 8(32).p. 141-144